ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს საფრანგეთიდან 10 ტუროპერატორი ეწვია. ადმინისტრაციის ორგანიზებით, B2B ფორმატის ფარგლებში, საფრანგეთის წამყვანი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.
ფრანგი ტუროპერატორები გაეცნენ თბილისის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ მარშრუტებს, ეწვივნენ კახეთს, სადაც დაათვალიერეს სასტუმროები, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის“ ობიექტებს, სადაც დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.
„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას, კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.
საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში წლის ბოლომდე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. საფრანგეთის ქალაქებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად სხვადასხვა ტიპის აქტივობა ტარდება. კამპანია მოიცავს გარე რეკლამას, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში საქართველოს შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს.

.webp)
.webp)


