ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით და ყველაზე მასშტაბური სტენდით წარდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და ქართულ გასტრონომიას ათასობით ვიზიტორი ეცნობა. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობენ ქართული კერძო კომპანიები.
5 დღის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველი შეფ-მზარეულები: იოსებ ჯაბანაშვილი, დავით ნარიმანაშვილი, ვახო გობეჯიშვილი, ვაკო ვაშაკაშვილი და გურამ ბაღდოშვილი გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს აცნობენ. ვიზიტორებს საშუალება აქვთ ხაჭაპური, გებჟალია, შქმერული, ჩაქაფული და ქართული ღვინო დააგემოვნონ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და ინფორმაცია მიიღონ ქართული კულტურისა და ქვეყნის ისტორიის შესახებ.
„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის და ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის შანხაის გამოფენა ლონდონისა და მადრიდის გამოფენების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავი ადამიანი ესწრება ამ გამოფენას, ისინი ეცნობიან ქართულ კულინარიას, ღვინოს, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ასეთი მასშტაბით მგონი საქართველოს ჯერ თავი არ წარმოუჩენია. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და ნაყოფიერი გამოფენაა“,-აცხადებს შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი.
„რიგი არ წყდება ჩვენთან, ჩვენს სტენდზე უამრავი სტუმარია, რაც ძალიან საამაყოა და ყველას გვიხარია. ეს არის ჩვენი შრომის დაფასება. ძალიან სასიამოვნაა, რომ ჩვენი სტენდიდან სტუმრები კმაყოფილები მიდიან. ჩვენი მიზანია ვიზიტორებს გავაცნოთ ქართული კულტურა და გასტრონომია“,-აცხადებს შეფ-მზარეული დავით ნარიმანიშვილი.
China International Import Expo-ზე, წელს, 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.


.webp)


