ავსტრიელი ჟურნალისტი და მწერალი ვოლტერ ვაისი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წიგნს წერს. ავსტრიელი მწერლის ნაშრომში დეტალურად იქნება აღწერილი საქართველოს ყველა ძირითადი ტურისტული ატრაქციები და წარმოდგენილი იქნება ამ ატრაქციებისა და ლანდშაფტების დაახლოებით 220-მდე ფოტო-სურათი. წიგნი გერმანულ ენაზე გამოიცემა. ვოლტერ ვაისი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ავსტრიელ მწერალს ფესტივალ არტ-გენზე მეგზურობას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე უწევდა.
წიგნზე მუშაობის მიზნით ვოლტერ ვაისი უკვე იმყოფებოდა სამცხე-ჯავახეში, მთიან აჭარაში, გურიასა და იმერეთში. ავსტრიელი მწერალი ხევსურეთს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, სვანეთს, სამეგრელოს, შავიზღვისპირა ქალაქებს ეწვევა. სექტემბრის თვეში კი დაგეგმილია კახეთის რეგიონის, მათ შორის თუშეთის მონახულებაც.
ვოლტერ ვაისი 80-მდე წიგნის ავტორია, რომელიც ეძღვნება ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ავსტრია, მაროკო, არებეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი, ეგვიპტე, ბუთანი, ბურმა, ჩინეთი, ირანი, ვიეტნამი, სირია, იორდანია. ვაისი არის ავტორობით გამოიცა წიგნები: ვენის, ვენეციის, პრაღის, პეკინის, შანხაისა და სხვა ქალაქების შესახებ.
საქართველოს შესახებ ვაისის წიგნს ავსტრიული საგამომცემლო სახლი Sturtz (Verlagshaus Wurzburg) გამოსცემს. წიგნი გაიყიდება გერმანიისა და ავსტრიის მასშტაბით წიგნის მაღაზიებში. პირველ ეტაპზე, 2016 წლის დასაწყისში დაიბეჭდება 10 000 ეგზემპლარი, რომლის განმეორებითი ბეჭდვა მოხდება პირველი პარტიის ამოწურვისთანავე. გერმანულენოვანი მაღალპოლიგრაფიული წიგნის საქართველოს შესახებ გამოცემა ჩვენს ქვეყანას ღირსეულ ადგილს მიუჩენს სხვა ძირითად ტურისტულ მიმართულებებს შორის როგორც გერმანიის, ასევე ავსტრიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზამკვლევი-წიგნებით ინტერესდებიან საშუალო ასაკის, სოციალურად უზრუნველყოფილი ადამიანები. საქართველოს შესახებ მსგავსი ხარისხიანი გერმანულენოვანი წიგნის მომზადება, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომს გახსნის ინფორმაციას ქვეყნის და მისი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.