საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს.
თბილისში გამართულ სამუშაო სესიას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქეთის მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.
ორმხრივ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოადგილეებთან თამარ ყორიაულთან და მედეა ჯანიაშვილთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატალი კვაჭანტირაძე და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.
შეხვედრისას მაია ომიაძემ პრეზენტაცია გამართა ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ინდუსტრიის განვითარების დინამიკის შესახებ.
შეხვედრაზე ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების შეესახებ იმსჯელეს.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, თურქეთთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„თურქეთი ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორს და ეს თანაბრად ვრცელდება ტურიზმის სექტორზეც. თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაქ შემომავალი ტურისტების თვალსაზრისით საქართველოსთვის. დღევანდელი სამუშაო სესია ტურიზმის დარგში თანამშრომლობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილები არიან: თურქეთის მხრიდან ეს კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, საქართველოსმხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, რომლებიც ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ, ასევე კერძო სექტორი. ვიმსჯელეთ არსებულ თანამშრომლობაზე და იმ მიმართულებებზე, რაც საინტერესოა ორ ქვეყანას შორის ტურისტული თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე ასაყვანად. ეს შეეხება გამოცდილების გაზიარებას, მთელ რიგ პროექტებს და თანამშრომლობას კერძო სექტორს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს ჩვენს ქვეყნებს შორის“,-გაანაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
შეხვედრის შემდეგ თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროექტების განხოციელების პერსპექტივაზე.
„მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლის მასპინძლობისთვის და ასეთი პროდუქტიული შეხვედრისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით და სურვილი გამოვთქვით ერთობლივ თანამშრომლობაზე, ერთობლივ იტურისტული პროდუქტების შექმნაზე, სერტიფიცირებისა და პერსონალის გადამზადებაზე, განვითარებასა და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ორი ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზაობა მჭიდრო და საუკეთესო თანამშრომლობისთვის ჩვენს მოძმე და მეგობარ ქვეყანა საქართველოსთან. მადლობას მოგახსენებთ თქვენი მასპინძლობისთვის“,-აღნიშნა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ნადირ ალფასლანმა.





