image

პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

ტურიზმის ადმინისტრაცია
საქართველო
ტურიზმი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

გაცნობითი ტური საერთაშორისო კომპანიასთან  Aviareps-თან  თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურის მონაწილე პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის, ერთობლივი ტურების დაგეგმვისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ვმასპინძლობთ ტუროპერატორებსა და ავიაკომპანია LOT-ის  წარმომადგენლებს პოლონეთიდან. მოვაწყვეთ B2B შეხვედრა, ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ  გაცნობით ტურს. პოლონელ ტუროპერატორებს შევახვედრეთ ქართული ბიზნეს სექტორი,  რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ტურისტული პროდუქტები უფრო მეტად გაიცნონ პოლონელმა პარტნიორებმა.  პოლონეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ უკვე მეორე წელია აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის ქვეყნებში  მარკეტინგულ კამპანიას პარტნიორ კომპანიებთან ერთად. შესაბამისად,  ეს აქტივობა ამ მსხვილი კამპანიის ნაწილია.  მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც საქართველოს პოპულარობის შენარჩუნებას, ასევე ახალი პარტნიორობის დამყარებას ბიზნეს სექტორისთვის და რა თქმა უნდა, ეს კამპანიები საქართველოში ბევრად მეტი პოლონელი მოგზაურის ჩამოყვანის წინაპირობაა“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. 

პოლონელი ტუროპერატორები გაეცნენ ტურისტულად საინტერესო ადგილებს, სასტუმროებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს ძველი თბილისი,  გუდაური, ანანური, წინანდალი, კაჭრეთი, ლოპოტა, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.

გაცნობითი ტურის მიზანია პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები