ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ შეფ-მზარეულთან ჯეიმი ოლივერთან ერთად მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს, კამპანიის მიზანია საქართველოს გასტრო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია.
კამპანიის ფარგლებში, ბრიტანელმა შეფ-მზარეულმა ჯეიმი ოლივერმა, საკუთარ გვერდებზე ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადების შესახებ ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჯეიმი ოლივერმა ნიგვზიანი ბადრიჯანი ქართველ შეფ-მზარეულთან გურამ ბაღდოშვილთან ერთად მოამზადა.
„Viva Georgia შეფ გურამთან ერთად. საქართველოს გასაოცარი გემოები ჩემს სახლში, ესექსში მოვამზადე, ეს მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა! გემოების კომბინაცია და პრეზენტაცია შესანიშნავი გამოვიდა, ძალიან მომეწონა და დიდად შთაგონებული ვარ!“-წერს ჯეიმი ოლივერი.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ჯეიმი ოლივერი ვიდეორგოლებს YouTube-ის, Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებზე ანთავსებს.
კამპანია, რომელიც ხორციელდება როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ემსახურება ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
ჯეიმი ოლივერს სოციალურ ქსელებში 26 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერს საქართველოში გასულ წელს უმასპინძლა.