National Geographic სვანეთის შესახებ
საქართველო კვლავ National Geographic-ის ყურადღების ცენტრშია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისურენოვანი ჟურნალი სვანეთის შესახებ სათაურით „შუასაუკუნეების თავშესაფარი მთებში“ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატიასთან ერთად ჟურნალში ფოტოკოლაჟია გამოქვეყნებული. National Geographic სვანების ყოველდღიური ცხოვრების წესს, ტრადიციებს, საცხოვრებელ ადგილებს და უძველეს კოშკებს აღწერს: „…უძლიერესი იმპერიები: არაბები, მონღოლები, სპარსელები, ოტომანები ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველოს დასაპყრობად ჯარებს აგზავნიდნენ, მაგრამ სვანეთი მე-19 საუკუნის შუანახევრამდე დაუპყრობელი იყო, რადგან ეს კუთხე კავკასიონის მთებით და ხეობებითაა გარშემორტყმული და დამალულია. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მოახერხეს რუსებმა სვანეთზე კონტროლის დამყარება.
იზოლაციამ სვანეთს საკუთარი იდენტობა და ისტორიული მნიშვნელობა შესძინა. საქართველოს სხვადახვა კუთხეებში მტრის შემოსევისას ქართველებმა ხატები, ხელნაწერები, ძვირფასი ნივთები მთებში, სვანეთის ეკლესიებსა და კოშკებში გადამალეს. სვანეთი ქართული უძველესი კულტურის საცავი გახდა. საგანძურის დაცვის ფუნქცია სვანებმა მკაცრად შეასრულეს. ხატის ქურდს თემიდან მოკვეთა და ღვთისგან სასჯელი მოელოდა. მთის მტკიცე ცხოვრებისეული სტილით სვანებმა უძველესი კულტურა შეინარჩუნეს. ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის ცნობებით, სვანები მამაცი, სასტიკი მეომრები არიან. სტრაბონის თქმით, სვანები ოქროს მოსაპოვებლად ცხვრისტყავს იყენებდნენ და შეიძლება სწორედ ამ ცნობის საფუძველზე გამოემგზავრა იასონი არონავტებთან ერთად კოლხეთისკენ, რათა ოქროს საწმისი ხელში ჩაეგო. სვანეთში ქრისტიანობა მე-6 საუკენეში გავრცელდა. სვანებს აქვთ საკუთარი ენა, თემური სამართალი, მრავალფეროვანი მუსიკა, მათში არის რაინდული კოდი.
სვანური სოფლების მონახულებისას დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს რამდენიმე ასეული სვანური კოშკი, რომელიც ძირითადად მე-9-13-ე საუკუნეებშია აგებულია. ეს კოშკები ნამდვილად არ არის დაკარგული ცივილიზაციის სიმბოლო, ეს არის კულტურის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც საუკუნეებს სასწაულებრივად გაუძლო.
ზემო სვანეთის სოფლები,- ეს კავკასიონის ყველაზე იზოლირებული ნაწილია. როგორც ნორვეგიელი აკადემიკოსი აღწერს სვანეთი ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმია…“
„1996 წელს სოფელი უშგული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. უშგულის დაკლაკნილ გზაზე ხშირად ხდებოდა ყაჩაღობა და იშვიათად, რომ აქ ვინმეს გაებედა ჩასვლა, 2004 წლიდან უსაფრთხოების ძალებმა ყაჩაღური ჯგუფების განეიტრალება დაიწყეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხეში გეგმის განხორციელებას იწყებს, რაც ტურიზმის განვითარებას გულისხმობს.“