საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების “Flynas”, “ Flydeal”-სა და “Saudia Airlaine”-ს ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოსაზიდად, ქალაქ ჯედაში გაიმართა და მას საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული დაესწრო.

“საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სწორედ ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით საუდის არაბეთში. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული ღონისძიება, რაც ემსახურებოდა ცნობადობის გაზრდას და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მეტი მოგზაურის მოზიდვას საუდის არაბეთიდან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საუდის არაბეთში ყველაზე ძლიერი ტურისტული კომპანიების და საუდის არაბეთის სამივე ეროვნული ავიაკომპანიის წარმომადგენლები დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა წელს საუდის არაბეთში, რადგან საქართველო არის უსაფრთხო მიმართულება, 4 სეზონი აქვს, მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები . მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება გამორჩეულად მაღალი მოთხოვის სეზონი და ჩვენ ვიხილავთ ძალიან ბევრ მხარჯვეუნარიან ტურისტს საუდის არაბეთიდან საქართველოში“.- განაცხადა მარიამ ქვირიშვილმა.

კერძო სექტორთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ
საქართველო არის მიმზიდველი და უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა ტურისტულად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საუდის არაბეთიდან მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.

„პრეზენტაციის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი რამ შევიტყვე. თქვენი ქვეყნის შესახებ მანამდეც მქონდა ზოგადი წარმოდგენა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას. საქართველო ძალიან უსაფრთხო და ლამაზი ქვეყანაა და ოთხ სეზონიანი ტურისტული მიმართულებაა“,-განაცხადა ავიაკომპანია “Saudia Airlines”-ის სპეციალური პროექტების გაყიდვების მენეჯერმა ხალიდ ალ-ამარმა.

„ჩვენს კლიენტებს საქართველოში მოგზაურობას ვთავაზობთ. ჩვენ მოგზაურებს სრულ პაკეტს ვუმზადებთ: სასტუმროს, ავიაბილეთებს, გამგზავრებას თბილისში, ბათუმში და საქართველოს სხვა მიმართულებით. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ პაკეტებს როგორც საოჯახო, ასევე ტურისტულ ჯგუფებს. საუდის არაბეთში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა, რომელსაც სურთ რომ ეწვიონ.” – განაცხადა მსხვილი ტურისტული სააგენტო “Amar Travel”- ის რეგიონულმა მენეჯერმა ხალედ სამირმა.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.
საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული მიმართულებით დაინტერესების მიზნით, ადგილობრივ კომპანიებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები და ტურიზმის აღდგენის დინამიკა გააცნეს.