საქართველო ფინეთის ტურისტულ გამოფენაზე MATKA 2023
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
ჰელსინკიში გამართულ გამოფენაზე MATKA 2023 ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 5 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი.
გამოფენაზე ქართული ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და ფინეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სტუმრები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს სამთო კურორტებით, კულინარიით და სხვა ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ.
ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 70 ქვეყნის 850 კომპანია მონაწილეობდა.