ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პორტალის TripAdvisor მარკეტინგის მენეჯერმა ჩედ შაივერმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვით 6 თვიანი პარტნიორობის პერიოდში TripAdvisor-ი საქართველოს პოპულარიზაციას 10 ქვეყნის ფარგლებში მოახდენს.
TripAdvisor-ი მსოფლიოში უდიდესი ტურისტული პორტალია, რომელსაც ყოველთვიურად 340 მილიონი ვიზიტორი ჰყავს. ინტერნეტ მომხმარებლებს პორტალზე 340 მილიონი შეფასება და კომენტარი აქვთ დატოვებული. TripAdviser-ზე 6,5 მილიონზე მეტი განთავსების, კვებისა და გართობის ობიექტია წარმოდგენილი.
“ტურიზმის ეროვნულმა ადმინსტრაციამ მსოფლოში ყველაზე ცნობილ ტურისტულ პორტალთან TripAdvisor შეთანხმება გააფორმა, რომლის საშუალებითაც ჩვენ 10 ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს პოპულარიზაციას მოვახდენთ. კომპანია უახლოეს დღეებში ჩვენთან დაიწყებს თანამშრომლობას, რაც 6 თვეს გასტანს. სარეკლამო კამპანია მოიცავს შემდეგ ლოკაციებს: აზერბაიჯანი, გერმანია, ისრაელი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი და რუსეთი. კამპანიის დროს ჩვენ ვიყენებთ ყველა სახის ინფორმაციას და წარმოვადგენთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა ეწვიონ ამ ქვეყანას – ასეთი ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტპორტალზე. მასთან ერთად ის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია, მათ შორისაა ,,Check in Georgia-ს“ პროექტიც, რათა უცხოელი ტურისტები საქართველოთი დავაინტერესოთ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
Tripadvisor -თან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს ეწვია მიმართულებების მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი. ვიზიტის მიზანია Tripadvisor-ის მხარეებს შორის მოხდეს სერვისების ინტეგრირების, ინფორმაციის გაცვლის, სარეიტინგო და მიმოხილვითი ფუნქციების დანერგვას ადმინისტრაციის ტურისტულ პორტალზე http://georgia.travel
გარდა ამისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა მიმართულებების პრემიუმ პაკეტის მფლობელი, რაც გულისხმობს Tripadvisor -ზე საქართველოს შესახებ ფოტო-ვიდეო მასალის, ბროშურების, ტექსტური მასალის თუ ვიზუალური ნაწილის მოწესრიგების, განთავსების და ადმინისტრირების შესაძლებლობას.