შიდა ტურიზმის კამპანიის გაიცანი საქართველოს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარეებში პირველი პრესტური გამართა. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალებების 40-მდე წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
ჟურნალისტებმა პირველ დღეს მარტვილის (გაჭედილის) კანიონი მოინახულეს და ნავებით გაისეირნეს. გაჭედილის კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, ხოლო ჩაჭრის სიღმე 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაში გადავიდა და სექტემბრიდან ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი. კანიონის დათვალიერების შემდეგ მედიის წარმომადგენლები მარტვილის დადიანების საზაფხულო სასახლეს ესტუმრნენ, სადაც პრესტურის მონაწილეებისათვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ჟურნალისტებმა ოჯალეში დააგემოვნეს. პრეტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისათვის ელარჯისა და გებჟალიას მომზადებაში კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. პრესტურის მეორე დღეს ჟურნალისტებმა ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონი დაათვალიერეს. ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ.
კანიონზე ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. შაბათ-კვირას კანიონს საშუალოდ 500-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, კვირის დღეებში კი 100-150.