პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის სფეროს 2016 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. თავის პრეზენტაციაში მან ასევე დეტალურად ისაუბრა ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, განთავსების ობიექტებზე, ტრანსპორტზე, ინვესტიციებზე არნიშნულ სექტორში და სხვ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ვრცლად მიმოიხილა პროექტები, რომელთა განვითარებაც საქართველოს ტურისტული პოტენციალზე დადებითად აისახება.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წლის 8 თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.2%-ით გაიზარდა.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა“ ტურიზმის სექტორის მონაცემები დააზუსტა, რომლის თანახმადაც 2015 წელს საქართველოში 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც 7-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. გარდა ამისა, ტურიზმმა საქართველოს საგადასახდელო ბალანსში 1 მილიარდ 940 მილიონი აშშ დოლარის გენერირება მოახდინა. აღნიშნული სექტორის წილი საქართველოს მშპ-ს 6.7 პროცენტს შეადგენს და მასში დაახლოებით 158 ათასი ადამიანია დასაქმებული.
პირველმა ვიცე-პრემიერმა 2010 – 2012 წლებში ტურიზმის სფეროს მაჩვენებლები 2013 – 2015 წლებისას შეადარა. მისი ინფორმაციით, 2010 – 2012 წლებში საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 9.2 მილიონს შეადგენდა მაშინ, როცა 2013 – 2015 წლებში ამ მაჩვენებელმა 16.8, ზრდამ კი 57 პროცენტი, შეადგინა. გაცილებით დიდია ზრდა უშუალოდ ტურისტების კუთხით.
2016 წლის პირველ 8 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,247,729 შეადგინა, რაც 322,075-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +8.2%). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,851,917 შეადგინა, რაც 274,751-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (ზრდა +17.4%).
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ქვეყნებზე, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. მისი თქმით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აგვისტოში გამოირჩევიან ლატვია +27.2%, ჩეხეთი +16.3% და უნგრეთი +18.7%.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ისრაელიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა 59 პროცენტით, ყაზახეთიდან კი – 34 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ყველაზე ვიზიტორთა ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (497 პროცენტი), იორდანიიდან (436 პროცენტი) და საუდის არაბეთიდან (130 პროცენტი).
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი განთავსების ობიექტების რაოდენობას. „საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2015 წელს 172 ახალი სასტუმრო (3223 საწოლი ადგილით) შევიდა ექსპლუატაციაში. ოფიციალური სტატისტიკით, დღეს საქართველოში 1225 სასტუმრო და 48457 საწოლი ადგილია.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო 3 წელიწადში 508 სასტუმრო შევიდა ექსპლუატაციაში რაც 58 %-ით აღემატება 2012 წლის ჩათვლით ექსპლუატაციაში შესული სასტუმროების რაოდენობას. შესაბამისად, მხოლოდ 2013-2015 წწ. ექსპლუატაციაში შევიდა მთლიანი სასტუმროების რაოდენობის 41.5%. „პრაქტიკულად, საქართველოში არსებული სასტუმროების ნახევარი სწორედ ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში შეიქმნა. ასეთი შედეგი მოჰყვა ჩვენს შრომას. სწორედ ჩვენს დროს შეიქმნა განსაკუთრებული საინვესტიციო პირობები, რომელმაც ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ამით შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მომავალში კი იგეგმება 60-ზე მეტი განთავსების ახალი ობიექტის ამოქმედება, რაც ტურისტულ სექტორს დამატებით 3,800 ახალ საწოლ ადგილს მიაწვდის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე დიდი ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის განვითარებაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ჩამოსვლას. მისი ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება ახალი ტერმინალის მშენებლობა. გარდა ამისა, 3-დან ხუთამდე გაიზრდება თვითმფრინავთან დამაკავშირებელი ხიდების რაოდენობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ახალ რეისებზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან შესრულდება. გარდა ამისა, 2016 წლის შვიდი თვის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს დაემატა 9 ახალი საერთაშორისო რეისი.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2016 წლის 8 თვეში ტურიზმი ეროვნულმა ადმინისტრაციამ 16 ქვეყანაში გამართა ონლაინკამპანია. საქართველოს შესახებ დაიწერა და მომზადდა 200 სტატია, ბლოგი, დოკუმენტური ფილმი, გადაცემა და სიუჟეტი. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო 14 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ გამოფენაში, საქართველოს ეწვია 434 უცხოელი ჟურნალისტი და 238 ტუროპერატორი.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ქვეყნის სივრცითი მოწყობის მიმართულებით, რაც არის საქართველოს განვითარების 4-პუნქტიანი გეგმის ერთერთი ნაწილი. დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ტურისტული ზონის სივრცითი მოწყობის გენერალური სქემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ტურისტული რეგიონებისა და ცალკეული დასახლებების სწორად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.
პრეზენტაციის დასასრულს, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში შექმნილი სპეციალურ სტრუქტრულ ქვედანაყოფზე – უკუკავშირის შესწავლისა და რეაგირების სამმართველოზე, რომელთა მიზანსაც ადგილებზე ტურისტული პრობლემატიკის შესწავლა და რეაგირება წარმოადგენს.