სტეფანწმინდაში 15 სამთო გამყოლს კვალიფიკაციის აღიარების სერთიფიკატი გადაეცა. ცერემინიალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სამთო გამყოლთა ასოციაციის პრეზიდენტი დათუნა რაქვიაშვილი, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი მირიან წიკლაური და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში, გიუნტერ ბეჰლერი დაესწრნენ. შეხვედრაზე ყაზბეგის რაიონში სამთო-საგამყოლო საქმიანობის პერსპეტივები განიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიციატივით ერთობლივი პროექტი “მთის ტურიზმის პროფესიების განვითარების ინიციატივა” ხორციელდება. “მთის ტურიზმის პროფესიების ინიციატივის” ამოცანაა საქართველოში სამთო ტურიზმის რისკების შემცირება, სამთო-საგამყოლო მომსახურების ხარისხის გაზრდა და მიახლოვება საერთაშორისო სტანდარტებთან.
ინიციატივის სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ საერთაშორისო პრაქტიკის და ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, განახორციელა სტრუქტურული ცვლილებები – შექმნა ახალი პორფესიული კლასტერები – საფეხმავლო გამყოლი, ალპური გამყოლი და სათხილამურო გამყოლი და დაიწყო მთის ტურიზმში დასაქმებული კადრების პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების და შემდგომი დახელოვნების პროგრამა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე: გუდაურში, სტეფანწმინდაში, ბაკურიანში, ბორჯომსა და მესტიაში სხვადასხვა სახის ტრენინგებს ატარებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პირველადი დახმარების კურსი გუდაურის, ბორჯომისა და ბაკურიანის სასტუმროების წარმომადგენლებმა გაიარეს. ამჟამად სამთოკურორტებზე საბაზისე ინგლისურის შემსწავლელი კურსი მიმდინარეობს.