19 სექტემბერს, სიღნაღში, ქართული პროდუქციის ფესტივალი „არტგურმანი 2015“ გაიმართება. ღონისძიება 12:00-19:00 საათამდე ჩატარდება. პროექტი „არტგურმანი“ გულისხმობს ქართველ მწარმოებელთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას სიღნაღში.„არტგურმანი“ დაარსდა როგორც ყოველწლიური ფესტივალი, რომლის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ქართველი მწარმოებლები და ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია. გამოფენა აერთიანებს როგორც ქართულ ტრადიციულ პროდუქტს, ისე თანამედროვე ქართული კომპანიების ინოვაციურ ნაწარმს. გამოფენის შთამბეჭდაობას განაპირობებს მონაწილეთა და „ექსპონატთა“ მრავალფეროვნება და სიუხვე: ქართული ღვინის კომპანიები ტრადიციული და თანამედროვე პროდუქციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიები, წვენებისა და დაკონსერვებული პროდუქციის, ყველის, თაფლის, ჩირისა და ჩურჩხელას ფართო ასორტიმენტი.
გარდა კომპანიებისა, გამოფენაზე იხილავთ ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციას. ადგილი დაეთმობა სუვენირებსა და აქსესუარებს. შესაძლებელი იქნება დეგუსტაციაც.

კომპანიები მათთვის გამოყოფილ, სათანადოდ გაფორმებულ სტენდებზე გამოფენენ თავიანთ პროდუქციას. გამოფენა-გაყიდვის საღამოზე თავიანთ ხელოვნებას წარმოაჩენენ ფოლკლორული კოლექტივები კახეთიდან. ღვინის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ ფოტოარქივს.

უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივი შემომყვანი ტურისტული კომპანიები. გამოფენა-გაყიდვა უმასპინძლებს სხვადასხვა სახელმწიფოს საელჩოთა წარმომადგენლებს საქართველოში.

ფესტივალის ორგანიზატორი: კომპანია „არტპალასი“

• პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
• მედიაპარტნიორი: ტელეკომპანია „იმედი“
• რადიოპარტნიორები: „ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“
• მხარდამჭერები: myvideo.ge, „ბიზნესპრესნიუსი“- bpn.ge, gemrielia.ge, და ჟურნალი-„გემრიელი.“