საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში აზერბაიჯანიდან პირველი მედია ტური გამართა.

პრეს-ტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.

აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების: Qazet.az, Zerkalo, The Most ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა  ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს.   ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

Qazet.az- თვეში  მილიონამდე, ხოლო   Zerkalo.Az-ს  2 მილიონიდან 5 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619  საერთაშორისო ვიზიტი შედგა.