ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ალპურმა გიდებმა დაბა სტეფანწმინდაში გადამზადება გაიარეს. ტრენინგების ნაწილი ზღვის დონიდან 3654 მეტრ სიმაღლეზე, მყინვარწვერის მისადგომებთან ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ დაბა მესტიისა და დაბა სტეფანწმინდის ადგილობრივ 20 გამყოლს სერთიფიკატი გადაეცა. ტრენინგის ბოლოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, პირველად საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. შეხვედრაზე სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების, უსაფრთხოების ნორმების, საფეხმავლო, ალპური და სათხილამურო გამყოლთა პროფესიული განათლების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ტურიზმის სტრატეგიას, სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის თანამშრომლობის საკითხებს.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შექმნას ტრადიცია – სათავგადასავლო ტურიზმის ბირჟა, სადაც დამსაქმებლები, ტურ-ოპერატორები, სასტუმროების წარმომადგენლები და მომწოდებლები – ყოველწლიურად შეხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ თანამშრომლობის შესაძლებლობებს.