„Buying Business Travel Awards 2016”-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო საუკეთესო საქმიანი ტურიზმის (MICE) დანიშნულების ადგილად დაასახელეს. ნომინაციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო წარდგენილი იყო აზერბაიჯანის, ქ. დუბაისა და სხვა დამკვიდრებული საქმიანი ტურიზმის მიმართულებებთან ერთად.
დაჯილდოების ორგანიზატორებმა აღნიშნეს საქართველოს მიმართ უკანასკნელ პერიოდში გაზრდილი ტურისტული ინტერესი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ მცირე დროში მიღწეული წარმატებები.
„აღნიშნული ჯილდო ჩვენი ქვეყნისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია და კარგად ასახავს, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას. აქვე, მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას და ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის მოზიდვასა და განვითარების ხელშეწყობაში არიან ჩართული; ეს ჯილდო სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს“. – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძემ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ოფიციალური ფუნქციონირება 2016 წლის თებერვალში დაიწყო. აღნიშნული ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რადგან საქმიანი ტურისტები მთელ მსოფლიოში გამოირჩევიან მაღალი მხარჯველობით, ასევე არის უფრო მეტი ალბათობა, რომ ქვეყანა განმეორებით მოინახულონ. ეს ფაქტორები ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ასევე აღსანიშნავია, რომ საქმიანი ტურიზმი (MICE) ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.