საგამოფენო ცენტრი ”ექსპო ჯორჯია”-ში მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენა მე-11 პავილიონში დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნეს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განაცხადებით, ღონისძიება თბილისში მეთვრამეტედ ტარდება. 8 ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და სულ 68 სტენდია წარმოდგენილი.
”ჩვენთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ვიზიტორების რაოდენობა 5 900 000-დან 11 000 000-მდე უნდა გაიზარდოს, შესაბამისად, ყველა ასეთი გამოფენა ჩვენი მიზნის მიღწევას ხელს უწყობს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას ხელს უწყობს.
”ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის მხარდამჭერი კავკასიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის. 68 უცხოური ტურისტული კომპანიაა. ტურისტული გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 15%-ითაა გაზრდილი. ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ შიდა ტურიზმის თვალსაზრისით გამოფენაზე წარმოდგენილია ფასდაკლებების ფესტივალი, რომლის მომხმარებლები ჩვენი თანამოქალაქეები იქნებიან და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება შიდა ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
გამოფენის მხარდამჭერები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე National Tourism Awards. ღონისძიება უზრუნველყოფს ინდუსტრიის განვითარების ხელშესაწყობ პლატფორმას ადგილობრივი, რეგიონალური და გამავალი ტურიზმის სფეროსთვის მთელ კავკასიის რეგიონში.
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა კომპანიას სთავაზობს შესანიშნავ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ და შესთავაზონ პროდუქცია და მომსახურება, ყველა დაინტერესებულ პირს, ასევე ფართო საზოგადოებას. გარდა ამისა, ეს არის იდეალური ადგილი იმისათვის, რომ შეისწავლონ საქართველოში ტურიზმის ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები და მიიღონ პირდაპირი წვდომა მონაწილეებთან და მომწოდებლებთან ტურიზმის სექტორიდან, საქართველოსა და მთელი მსოფლიოდან. გამოფენა 16 აპრილის ჩათვლის გაგრძელდება.