გამოფენების ცენტრ ,,ექსპო ჯორჯიაში “ მიმდინარე მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის პარალელურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები.“ კონფერენციაში საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტების 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. დასკვნით ეტაპზე 20 თემა იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დააჯილდოვა. გამარჯვებულებმა ჯილდოს სახით სხვადასხვა პრიზები მიიღეს, მათშორისაა დასაქმება და სტაჟირენა ტურისტულ კომპანიებში, უფასო ტურები სხვადასხვა რეგიონში, სასტუმრო ვაუჩერები, კონცერტების ბილეთები, მათშორის Aerosmith-ის კონცერტზე.
საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია მე-3 წელია იმართება. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.