საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გაიზარდა
2015 წლის ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2.2%-ით არის გაზრდილი წინა წლის ივლისთან შედარებით.
2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7.9%), სომხეთიდან (+11.9%) , რუსეთიდან (+6.6%) და უკრაინიდან (+0.6%) განხორციელდა.
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 7 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 3 069 999 შეადგინა, ზრდა კი 4.9%-ია.
შვიდი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა (+23%), ჩეხეთი (+23%), დიდი ბრიტანეთი (+15%), გერმანია (+15%), ლატვია (+15%) და ნიდერლანდები (+15%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი (32%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+768%) და საუდის არაბეთი (+137%).
აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ 0,4% შეადგენდა, მაისში 14,7%, ხოლო ივნისში 9,3% შეადგინა.
უცხოური საგადახდო ბარათებით გადახდების მოცულობა აპრილში +47%, მაისში +43%, ივნისი +24%.
აღსანიშნავია რომ რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციით გამოწვეული საერთაშორისო მოგზაურების შემცირების დაფიქსირებისას მოხდა კლების ანალიზი და შესაბამისდ განისაზღვრა ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და შედეგად ჩამოყალიბდა ახალი სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით უდიდესი აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწროებდა. გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი თურქეთი), მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით CNN-სა და Euronews-ზე. 300 მდე ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად.