გერმანელი და ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგზაურობის, კულინარიისა და ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის პრესტური მოაწყო. გერმანელი და ავსტრიელი ჟურნალისტები საქართველოს 3 ივნის ეწვივნენ. ერთი კვირის განმავლობაში მედიის წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, მუხრანს, ყაზბეგს, ალავერდს, წინანდალს და სიღნაღს ეწვივნენ. ჟურნალისტები გაეცნენ ქართული ღვინის დამზადების წესებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტები გერმანიისა და ავსტრიის გავლენიანი გამოცემებისათვის საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
საქართველოში გერმანიიდან და ავსტრიიდან ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. ( 2009 წლიდან მოყოლებული გერმანიიდან ყოველწლიურად საშუალოდ 18-19%-ით, ხოლო ავსტრიიდან საშუალოდ 28-29%-ით) 2014 წელს გერმანიიდან ვიზიტების რაოდენობამ 33 ათასს, ხოლო ავსტრიიდან 6 ათასს გადააჭარბა.