პოპულარული ტელეწამყვანი ფარა ქუინი ქართულ სამზარეულოს გაეცნო
საქართველოს ტურისტული ღირშესანიშნაობების და ქართული სამზარეულოს გაცნობის მიზნით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო შოუს წამყვანი საქართველოს ესტუმრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ცნობილმა ტელეწამყვანმა ფარა ქუინმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმოგზაურა და ქართულ სამზარეულოს გაეცნო. ყაზბეგის, მცხეთის, წინანდალის, ნაფარეულის, ყვარლისა და სიღნაღის დათვალიერების შემდეგ ქუინმა თბილისში, რესტორან ქართულ სახლში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად ხაჭაპური მოამზადა. ფარა ქუინი თავის ტელეგადაცემაში ინდონეზიის, მალაიზიის და სინგაპურის მრავალ მილიონიან მაყურებელს საქართველოს გააცნობს. სოციალურ ქსელში „facebook“ ფარა ქუინის გვერდი 3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მოწონებული. ფარა ქუინი სატელევიზიო გადაცემებს კულინარიისა და ტურიზმის შესახებ ამზადებს და ამ მიზნით მისთვის საინტერესო და მიმზიდველ ქვეყნებში მოგზაურობს.