სამეგრელოს შემდეგ კანიონგის მარშრუტების განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებშიც იწყება. საქართველოში კანიონინგის პოტენციალს იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით, იტალიელი სპეციალისტები საქართველოში პირველად ერთი წლის წინ მოიწვია. ჯგუფის წევრებმა ჩხოროწყუს რაიონში, მდებარე მდინარე ხობისწლისხეობასა და მის შენაკადებთან, ასევე მდინარე ხობისწყლის სათავეებთან მდებარე კანიონები შეისწავლეს, მოამზადეს რუკები, კანიონების კედლებთან შესაბამისი აღჭურვილობა დაამაგრეს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ტრენინგები ჩაუტარეს. მეორე ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. იტალიელები კანიონგის განვითარების მიზნით კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს შეისწავლიან. კანიონინგის სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში მრავალი ადგილია, სადაც კანიონინგის განვითარებასთან ერთად შესაძლებელია რაფტინგის, ჯომარდობის, ასევე ჰიდროსპიდის მოწყობა. კანიონინგი მოიცავს სხვადასხვა ექსტრემალურ სათავგადასავლო მიმართულებებს, როგორიცაა: ლაშქრობა, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა.