,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ხევსურეთში პრესტური მოეწყო
კამპანია ,,გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მორიგი პრესტური ხევსურეთში მოაწყო. ღონისძიებაში სხვადასხვა მედიასაშუალების 22 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. პრესტური ხევსურეთში სახალხო დღესასწაულს ,,შატილობას“ დაემთხვა, სადაც წარმოდგენილი იყო კუთხური ტრადიციები: კონცერტი, ლუდის კოდის დალოცვა, დოღი და მკლავჭიდი. საღამო გალა- კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე მოწვეულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა.
მედიის წარმომადგენლები პრეს ტურის ფარგლებში შატილობის დღესასწაულს დაესწრნენ, ასევე დათვიჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარის კოშკი, ანატორის აკლდამები, და მუცოს მუზეუმი მოინახულეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, კამპანია ,,გაიცანი საქართველო“ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო, პრეს ტურები უკვე მოეწყო სამეგრელოში, იმერეთში, რაჭასა და აჭარაში და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელება. ,,პრეს ტურის მიზანია, კონკრეტული რეგიონის ტურისტული პოტენციალის დემონსტრირება, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს სურვილს რომ პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში იმოგზაურონ. საქართველოში კი სანახავი მართლაც ბევრია“- განაცხადა ჩოგოვაძემ.