ბარსელონადან თბილისის მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს. ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines ქართული ავიაბაზრით დაინტერესდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების პირველი რაუნდი თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში გამართეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. Vueling Airlines -ის საერთაშორისო გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერის, ალექსანდრა სტელმაქის განცხადებით, ქართული ავიაბაზარი ესპანეთისათვის საინტერესოა და ავიაკომპანია დეტალურად იწყებს ბაზრის შესწავლას. დაბალბიუჯეტიანი ესპანური ავიაკომპანია Vueling Airlines მსოფლიოს 155 მიმართულებით ასრულებს რეისებს. ავიაკომპანია 2004 წელს დაარსდა. კომპანიის ფლოტის შემადგენლობაში 101 თვითმფრინავია. კომპანიის ბაზირებულია ბარსელონასა და რომის აეროპორტებში.