ტრანსკავკასიური სალაშქრო მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, ტრანსკავკასიური ბილიკის ასოციაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო ახალ პროექტს იწყებენ. მომდევნო 5 წლის განმავლობაში გრძელი მარშრუტების ქსელი შეიქმნება, რომელიც მოიცავს მთელ კავკასიას და დააკავშირებს რეგიონის 20-ზე მეტ არსებულ და დაგეგმილ ეროვნულ პარკს.
ზაფხულიდან მოლაშქრეთა ჯგუფის წევრები და მოხალისეები სვანეთსა და რაჭაში არსებული მარშრუტების გაუმჯობესებასა და ბილიკების გაკვალვას დაიწყებენ. პროექტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მოიცავს და მარშრუტების წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩატარდება.
ზაფხულის განმავლობაში პროექტში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი პროექტის დაწყება ოფიციალურად ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, სალაშქრო სეზონის გახსნაზე გამოცხადდა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 1500 მოლაშქრე დაესწრო.
„ ტრანსკავკასიური სალაშქრო მარშრუტის შესაქმნელად საქართველოს მოლაშქრეთა საზოგადოებისა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ აცხადებს პოლ სტეფანსი, ტრანსკავკასიური მარშრუტის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
„ ერთიანი სალაშქრო მარშრუტის შექმნით მოგზაურებს საშუალება ექნებათ კავკასიის უმშვენიერესი ბუნება მოინახულონ და გაეცნონ კულტურულ მრავალფეროვნებას, ეს კი შორეულ მთებში მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი ნახოს. აცხადებს პოლ სტეფანი.
ტრანსკავკასიური მარშრუტების ასოციაცია არასაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონშია ბაზირებული. ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში ხელს უწყობს სალაშქრო მარშრუტების განვითარებას, რომ გაუმჯობესდეს და დაცული იყოს რეგიონში არსებული ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები და გაიზარდოს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი.