პირველად კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. ავიაკომპანია Korean Air-ის ჩარტერული რეისით სეულიდან თბილისში 200 კორეელი ტურისტი ჩამოფრინდა. ახალ რეისთან დაკავშირებით თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური ცერემონია გაიმართა, სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.
Korean Air თბილისის მიმართულებით მომდევნო ჩარტერულ რეისებს 24 და 31 მაისს შეასრულებს, ჯამში საქართველოს 600-მდე კორეელი ტურისტი ეწვევა. რეისი Airbus A330 ტიპის თვითმფრინავით სრულდება. ფრენის ხანგძლივობა დააახლოებით 9 საათია.
სეულსა და თბილის შორის ავიარეისის დანიშვნა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გადაწყდა. სამომავლოდ დაგეგმილია პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა და შესაძლო რეგულარული რეისების დანიშვნა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.