ისრაელის ნაციონალურმა ავიაკომპანია „El Al Israel Airlines“-მა თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ახალ რეისთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანების, ტავ ჯორჯიას ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. თბილისის მიმართულებით რეისის დანიშვნამდე „El Al Israel Airlines“-მა ავიარეისების შესრულება თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით მაისის ბოლოს დაიწყო. თბილისის მიმართულებით ფრენა ყოველ სამშაბათს შესრულდება. ავიარეისი თელ-ავივსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელ-ავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით ბოინგ 738/739 ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს „„El Al Israel Airlines“ გარდა, „აირზენა“ „Arkia“ და „Israir Airlines“ ასრულებენ.