2026 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი 249,201 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 23.4%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდს.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც (აპრილი-ივნისი), როდესაც ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან 152,975 ვიზიტი განხორციელდა (+19.4%).
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ში გაიზარდა.
სლოვაკეთი (+51.2%), ფინეთი (+50.3%), ხორვატია (+46.5%), მალტა (+42.1%), სლოვენია (+41.1%), ესპანეთი (+35.7%), ნიდერლანდები (+35.5%), ლიეტუა (+35.2%), შვედეთი (+32.9%), რუმინეთი (+32.2%), კვიპროსი (+30.8%), ავსტრია (+29.3%), საფრანგეთი (+28.0%), უნგრეთი (+26.3%), პორტუგალია (+26.2%), იტალია (+24.1%), ჩეხეთი (+23.8%), გერმანია (+21.0%), ლუქსემბურგი (+17.8%), ბელგია (+16.5%), დანია (+16.3%), ბულგარეთი (+15.4%), ლატვია (+14.3%), პოლონეთი (+10.1%) ირლანდია (+5.5), საბერძნეთი (+1.1%) და გაერთიანებული სამეფო (+7.4%),
2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები რაოდენობრივად ყველაზე მეტად გაიზარდა ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან და რეკორდულ 335.7 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 58.6 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 21.2%), ხოლო მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასული წლის ორი კვარტლის მონაცემზე 21.1 მლნ. აშშ. დოლარით მეტია (ზრდა 12.1%) და რეკორდულ 194.9 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.
გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას და ევროპის მასშტაბით მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს.
ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერად და საქმიანი კავშირების გაღრმავების მიზნით ევროპის მასშტაბით ათობით ქალაქში მიმდინარეობს B2B შეხვედრები, როუდშოუები, პრეზენტაციები, გაყიდვების მისიები, (Sales Calls) რაც ხელს უწყობს პირდაპირი ბიზნესკავშირების დამყარებას ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან და მსხვილ სააგენტოებთან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის მასშტაბით მონაწილეობს მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
მიმდინარეობს საქართველოს საიმიჯო სარეკლამო კამპანიები ევროპის გავლენიან მედია პლატფორმებზე, სარეკლამო კამპანიები მოიცავს გარე რეკლამასაც, ლონდონის, პარიზის, ევროპის უმსხვილესი ქალაქების ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებს.
ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია თანამშრომლობა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან: British Airways, Austrian Airways, Edelweiss და სხვა.
კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია მედია და გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში გავლენიანი ევროპული მედიასაშულებების ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორებისათვის.
ევროპასთან საქართველოს საჰაერო კავშირი კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება ავიარეისების სიხშირე, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ახალი ვიზიტორების მოსაზიდად. ამჟამად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთში 42 მიმართულებით ხორციელდება ფრენები. საქართველოში რეისებს ასრულებენ ისეთი საერთაშორისო ავიაკომპანიები როგორიცაა: British Airways, Transavia France, Wizz Air, EasyJet.





