UNWTO-ს საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ქალაქ მალაგაში გამართულ სესიას 50-ზე მეტი სახელმწიფოს 300 წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაი. პრეზენტაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების ტურიზმის მინისტრები და ოფიციალური პირები საქართველოში ღვინის ტურიზმის მიმართულებას და სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნენ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ღვინის ტურიზმის გლობალური კონფერენცია პირველად საქართველოში 7-9 სექტემბერს კახეთში ჩატარდება.
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს სესიას მალაგაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაესწრნენ.