National Geographic საქართველოს სპეციალური გამოშვება
National Geographic-მა საქართველოს შესახებ სპეციალური ნომერი გამოსცა. ჟურნალში საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, იუნესკოს ძეგლების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინოს შესახებ სტატიები და ფოტოებია წარმოდგენილი, რომელიც ქართველმა და უცხოელმა ავტორებმა მოამზადეს. სტატიებში დეტალურად აღწერილია ტურისტული მიმართულებები: ძველითბილისის უბნები, არქიტექტურა, დედაქალაქის ღამის ცხოვრება, აჭარა და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. National Geographic განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ფლორას და ფაუნას, ჟურნალში აღწერილია თუშეთი, ვაშლოვანი, ბორჯომი, ლაგოდეხი, ჯავახეთი, ასევე პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, მარტვილის კანიონი და სხვა ტურისტული ადგილები.
ცალკე თავი ეძღვნება ზამთრის კურორტებს, National Geographic-ის სპეციალურ გამოშვებაში დეტალურადაა მოთხრობილი ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების და ღვინის წარმოების, ასევე ეროვნული მუზეუმის, მესტიის მუზეუმისა და ქართული მხატვრობის შესახებ.
სპეციალური გამოშვება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ National Geographic საქართველოს რედაქციამ მოამზადა. ჟურნალის ტირაჟი 35 ათასია. აქედან 30 ათასი ერთეული რუსეთის ფედერაციაში, ყაზახეთსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გავრცელდება, 5 ათასი ერთეული კი საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ გაიგზავნება. ჟურნალი ინგლისურ (15 ათასი ერთეული) და რუსულ (20 ათასი ერთეული) ენებზე გამოიცა. სპეციალური ნომრის გამოცემის მიზანი საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.