ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
პარიზში, IFTM Top Resa-ს მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად ათამდე ტურისტული კომპანია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთის იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარდგენილი.
3 დღიანი საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
„საფრანგეთი ჩვენს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, ამ მიმართულებით არაერთ მარკეტინგულ აქტივობას ვახორციელებთ, დაწყებული წამყვან პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიებით, ინფო და პრესტურების ორგანიზებით გაგრძელებული.
შესაბამისად IFTM Top Resa-ს გამოფენაში მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენ წარმოდგენილები ვართ კერძო სექტორთან ერთად, რაც საშუალებას გვაძლევს არამხოლოდ საფრანგეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით ევროპის რეგიონში, შევძლოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის სწორი პოზიციონირება და რაც შეიძლება მეტი ვიზიტორის მიღება საქართველოში“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაციებსა და შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო კომპანიებთან.
IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენას 34 000 ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, გამოფენაზე მსოფლიოს 200 ქვეყანა და ტურისტული მიმართულება, ასევე 1700 ბრენდია წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება 150 კონფერენცია.