საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რიგით მესამე „გემო ფესტს“ ქუთაისში 17-18 ივნისს გამართავს.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, იმერეთში „გემო ფესტისთვის“ შერჩეულ მონაწილეებს ცნობილი შეფ-მზარეულები შეხვდნენ და კერძების შერჩევაში დაეხმარნენ. გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა ადგილობრივ შეფებს რეკომენდაციები მისცეს და დაეხმარნენ კერძების ვიზუალურ გაფორმებაში. პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ტრენინგები გაიმართა ფესტივალისთვის საჭირო უნარებში, როგორიცაა სისუფთავის ნორმების დაცვა, სწრაფი მომსახურება და სხვა.
გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.
“გემო ფესტის” მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების წახალისება, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.
ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.