Check in Georgia- საქართველოს სინფონიეტას კონცერტები გაიმართება
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ საქართველოს რეგიონებში კონცერტებს გამართავს . პროექტის შესახებ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას დეტალურო ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას” სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ქერელაშვილმა გააცნეს.
ღონისძიებები საქართველოს 5 რეგიონის 7 ქალაქში გაიმართება: თელავი, სტეფანწმინდა, დუშეთი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ზუგდიდი. პროექტის ფარგლებში მცხეთაში პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა ავთენტური ინსტრუმენტებით. პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს და კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი, ის ბაროკოს ეპოქის მუსიკის ავთენტური შესრულების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სპეციალისტია მთელ მსოფლიოში.
კონცერტები გაიმართება: 16 აპრილს მცხეთაში, 23 აპრილს სტეფანწმინდაში, 24 აპრილს დუშეთში, 25 აპრილს ზუგდიდში, 26 აპრილს ქუთაისში, 27 აპრილს თელავში და 4 მაისს რუსთავში. კონცერტებზე შესრულდება როგორც ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა მუსიკა, ასევე მოცარტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.