საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ITB Berlin-ის ხელმძღვანელ პირებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში მართავს B2B ფორმატის ღონისძიებას. გერმანელ ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა.
“ ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ITB Berlin-ის გამოფენას აქვს გასვლითი ღონისძიება. ჩვენ გერმანიიდან ჩამოყვანილი გვყავს ტურ-ოპერატორები, რომლებსაც B2B ფორმატში შეხვედრები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს გაეცნონ ერთმანეთს და პოტენციური პარტნიორები შეიძინონ. ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ გამოფენისთვის და წარდგენილები ძალიან ღირსეულად“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.