საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
2016 წლის 3 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1,134,436 შეადგინა. ზრდა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტია. რაც შეხება გასულ თვეს, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7%-ია. მარტის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა. ზრდა +24.8%. აქამდე მარტის თვეში ამ რაოდენობის ვიზიტორები არ დაფიქსირებულა.
რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. (ზრდა +8.3%). რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულ ოპერაციებს მისმა მნიშვნელობამ 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით შეადგინა 218,904 ათასი ლარი. ზრდა +26.9%. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. (ზრდა +16.2%). სტატისტიკური მონაცემები ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მშენებარე სასტუმრო ”თბილისი რიქსოსში” შეაჯამა, რის შემდეგაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად სასტუმრო დაათვალიერა და მშენებლობის პროცესს გაეცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წლის ბოლოს თბილისს კიდევ ერთი უმაღლესი დონის სასტუმრო შეემატება.