ნოემბრის თვის სტატისტიკა
2015 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 436,234 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8,4 %-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში +3.6%-ით არის გაზრდილი წინა წლის ნოემბერთან შედარებით.
2015 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+2.2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) უკრაინიდან და სომხეთიდან განხორციელდა.
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 11 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 5,431,723 შეადგინა, ზრდა კი +6.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,123,514 შეადგინა, რაც +1.9%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2014 წელს დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების უპრეცედენტო რაოდენობა საქართველოში და შეადგინა 5, 515, 559 ვიზიტი და სასიხარულოა, რომ წელს 11 თვის მონაცემებით უკვე თითქმის გავუტოლდით ამ ციფრს და 5,431,723 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა საქართველოში (ზრდა მიმდინარე წლის იანვარი-ნოებმერში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებისა +6,9% -ია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).
წინ კიდევ ერთი თვე გვაქვს, ზამთრის კურორტები ტურისტების მისაღებად მზად არის და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ზამთრის მარკეტინგული კამპანიები, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად პოზიტიური მაჩვენებლით დავასრულებთ 2015 წელს.
საქართველოში შემომავალი თითოეული ტურისტი კი არის დამატებითი შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. სწორედ ამიტომ ტურიზმის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის, როგორც ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
თერთმეტი თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა:
ლიტვა +17%
იტალია +14%
გერმანია +11%
ლატვია +11%
სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია:
ყაზახეთი +30%
ბელარუსი +52%
ისრაელი +39%
არაბთა გაერთიანებული საემიროები +748%
საუდის არაბეთი +79%
აშშ +10%
აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ +0,4%-ს შეადგენდა, მაისში +14,7%, ივნისში +9,3%. ივლისში +9,5%, აგვისტოში +10,0%, სექტემბერში +12.6%, ხოლო ოქტომბერში კი +7.3% შეადგინა.
2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (+30.4 მილიონი აშშ დოლარი). პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ია (+21.2 მილიონი აშშ დოლარი).
2015 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად +39,4%-ით გაიზარდა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობა და 418.3 მილიონი ლარი შეადგინა (+118.2 მილიონი ლარი). აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით ზრდა დაფიქსირდა შემდეგ თვეებშიც. ივლისში მათმა მოცულობამ +32.2%, აგვისტოში +27.4%, სექტემბერში +58.9%, ხოლო ოქტომბერში 52,4% შეადგინა. 2015 წლის 10 თვის მონაცემებით მათი მოცულობა წინა წელთან შედარებით 25.2%-ით არის გაზრდილი.
2015 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად (+17.4%) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება და 487.8 მილიონ ლარს მიაღწია ( +72.3 მილიონი ლარი). 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2%-ს. ზრდა ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით +20,1%-ია (+147.2 მილიონი ლარი).