„გამომცემლობა პალიტრა L“ -სა და „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
„ჩემი საქართველო – ის, რაც ერთხელ მაინც უნდა ნახო“ ფოტოალბომების სერიაა, რომელიც ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად 13 წიგნად გამოვა. ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც ერთ სერიაში საქართველოს ყველა კუთხის სიმბოლურ გაერთიანებას გულისხმობს.
პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიცია, გარემო, ყველა მნიშვნელოვანი ნაცნობი თუ უცნობი ადგილი, ძეგლები და, უბრალოდ, ტურისტებისთვის საინტერესო ულამაზესი ხედები. რაც მთავარია, თითოეულ ალბომში წარმოდგენილი იქნება როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, ისე ფოტომოყვარულთა ნამუშევრები, რაც პროექტს ერთდროულად აკადემიურ და სახალხო გამოცემის მნიშვნელობას სძენს. ალბომს მეტი სიცხადისთვის მოკლე ტექსტური (ქართულ და ინგლისურ ენაზე) აღწერა ახლავს, რაც თვალსაჩინოს გახდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვისაც.