ტურისტული გამოფენა ლონდონში
ლონდონის ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ტელეკომპანია Euronews-მა სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად სიუჟეტი საქართველოს შესახებაც მოამზადა. Euronews-მა ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ჩაწერა:
„გასულ წელს საქართველოს 5,5 მილიონი საერთშორისო მოგზაური ეწვია. წელს დაახლოებით 6 მილიონ ვიზიტორს ველოდებით. საქართველოს მოსახლეობა კი სულ 3.7 მილიონია.“ აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე Euronews-თან ინტერვიუში.
სიუჟეტის ავტორის თქმით, World Travel Market 2015 ტურიზმის ინდუსტირიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა-ბაზრობაა, სადაც ახალ ტურისტულ მიმართულებებს უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ადგილი დაიმკვიდრონ. Euronews-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველო ევროპის საუკეთესო საიდუმლოებად არის მიჩნეული, მაგრამ მალე ეს სტატუსი შეიცვლება.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს სტენდთან ღვინის დეგუსტაცია გაიმართა და ქვეყნის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. World Travel Market 2015-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიებთან ერთად: Georgia Travel RSP, GeorgiCa Travel, GT Group, Caucasus Travel, Explore Georgia Ltd, Mimino Travel, Taste Georgia, Visit Georgia Ltd, Liberty Georgia, Exotour, Colour Tour Georgia, UGO TRAVEL Ltd. და TAV GEORGIA.
ლონდონის ტურისტული გამოფენა 36 წელია ტარდება. WTM 2015 2-5 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა-ბაზრობაზე მსოფლიოს 186 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 50 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.