ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს
ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერეს.
პროექტის მიზანია, ახალ ტურისტულ მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მაქსიმალურად, მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებელების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო.
„თბილისში ტურისტებისათვის საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა, მარკირების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი დედაქალაქის სტუმრებს თბილისის უმნიშვნელოვანესი ობიექტების დათვალიერებას გაუმარტივებს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„მას შემდეგ , რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქის ძირითადი მარშრუტები განისაზღვრა, გადავწყვიტეთ, რომ ტურისტებს უფრო მეტად გავუმარტივოთ დედაქალაქში გადაადგილება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება.
მეორე ეტაპის სამუშაოები კი, ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქალაქში გადაადგილებას, საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, რომ თბილისი რეგიონის ტურისტულ ცენტრად იქცეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია, მანიშნებლებს შორის დაშორება კი, 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.