შეხვედრა დაჯავშნის გვერდებზე რეგისტირებული ბინების მესაკუთრებთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ონლაინ დაჯავშნის პლათფორმებზე რეგისტირებული ბინების მესაკუთრეებთან პირველი შეხვედრა გამართა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, Airbnb-ზე რეგისტრირებული აპარტამენტების მეპატრონეები, რომელთა რაოდენობა 22 ათასს აღწევს, საკმაოდ კარგი მასპინძლები არიან. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ტურიზმის ადმინისტრაცია სფეროს წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად წყლის ტარიფის თემა განიხილეს.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დარგის წარმომადგენლებს სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმადაც ბინის გამქირავებლებს წყლის ტარიფის ცვლილება არ შეეხებათ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ შემუშავებული პროექტი სასმელი წყლის ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებით, არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ბინებს აქირავებენ (მათ შორის საიტების მეშვეობით) სხვადასხვა მიზნებითა და პერიოდულობით. აღნიშნული პროექტი შეეხება მხოლოდ (სასტუმროს ტიპის ობიექტებს, მოტელებს, ჰოსტელებს, მცირე სასტუმროებს, აპარტჰოტელებს) რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ სასტუმრო მომსახურებების შესაბამისად.
მარიამ ქვრივიშვილმა დარგის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სემეკ-ში მუშაობა გრძელდება და განხილვის პროცესში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება.
შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა სფეროს წარმომადგენლებს
უფასო ტრეინინგების ჩატარება შესთავაზა. ადმინისტრაცია ამ ბიზნესში ჩართულ პირებს უნარ-ჩვევების ამაღლებაში დაეხმარება.
დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.
„ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა პოზიცია, რომ ამ ადამიანების როლი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში ძალიან დიდია. ციფრებით, რომ ვისაუბროთ დაახლოებით 22 ათასზე მეტი დარეგისტრირებული ობიექტია, რომელიც გაქირავებას ექვემდებარება. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისათვის ისინი ძალიან კარგი მასპინძლები არიან. შესაბამისად ჩვენი როლიც მკაფიოა. გვინდა, რომ მათ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ თუ რა სტრატეგიით ვიმოქმედებთ, რა იქნება ჩვენი სამიზნე ბაზრები, იმისათვის რომ ერთობლივად შევძლოთ „სტრატეგია 2025“-ის შესრულება. ჩვენ დარგის წარმომადგენლებს დავპირდით, რომ ვიქნებით პლატფორმა, რათა შეძლონ და გააჟღერონ ნებისმიერი სახის კითხვები და მიიღონ პასუხები.
დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და ჯანსაღი იყო, რადგან გამოჩნდა, რომ ინფორმაციის ნაკლებობა ჰქონდათ და ერთად გავიზიარეთ ის კარგი ამბავი, რაც გულისხმობს მათთვის ტარიფი არ გაძვირდება“,- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.