ფოტოგრაფები საქართველოსთვის“-ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ფოტოგრაფებისთვის.- ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი პროექტის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „ფოტოგრაფები საქართველოსთვის“ დაიწყო. ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შიდა ტურიზმის კამპანიის ნაწილია. აჭარაში გამართული ტურის შემდეგ ფოტოგრაფები ხევსურეთსა და სამეგრელოს ეწვივნენ. გადაღებული ფოტოები უკვე გავრცელდა სხვადახვა სოციალური ქსელებითა და ავტორთა ბლოგების საშუალებით. ტურში ფოტოგრაფებთან ერთად ჩართულები არიან გიდებიც. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი:
ჩვენი ახალი პროექტით ძალიან ბევრი ფოტოგრაფი დაინტერესდა და ბევრი მათგანი ჩაერთო. ტურების შედეგად უკვე მომზადდა ულამაზესი ფოტო მასალა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის პოტენციალს ასახავს და რომელსაც შიდა და საერთაშორისო კამპანიების დაგეგმვისას გამოვიყენებთ. პროექტში ასევე მონაწილეობენ ტურისტული გიდები და სატრანსპორტო კომპანიები. ამ პროექტით ხელს ვუწყობთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას და კოვიდით დაზარალებული პროფესიების: ფოტოგრაფების, გიდების , ტურისტული სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების დასაქმებას და მათი ცოდნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას.”-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ფოტო ტურში სამეგრელოში სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ერთად მონაწილეობდა ცნობილი ფოტოხელოვანი გიორგი შერმაზანაშვილი.
“საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს. ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ფოტო ტურები, რომელშიც ჩავერთე და ვიმყოფებოდი სამეგრელოში. პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული, ტრანსპორტთან ერთად გამოყოფილი იყო გიდიც, რომელმაც შეგვირჩია ადგილები, დაგვათვალიერებინა სხვადასხვა ლოკაციები. რამდენიმე საათიც არ გასულა, რაც სამეგრელოს შესახებ ფოტო ალბომი ავტვირთე სოციალურ ქსელში და უკვე რამდენიმე ათასი მოწონება და გაზიარება აქვს, რაც ძალიან მახარებს. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა რეგიონების პოპულარიზაციისთვის და ფოტოგრაფებისთვის, რომლებმაც თავი უნდა გამოიჩინონ ამ კუთხით.“-აცხადებს გიორგი შერმაზანაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მიზანია კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება.