თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი გარბენის შესახებ სპორტულ-გასართობ კომპლექს “ჯინო ფერედაისში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა ცივაძემ, მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელმა საქართველოში პაატა რატიანმა და საქართველოს სპორტული ტურიზმის ალიანსის პრეზიდენტმა ზურაბ ბოქოლიშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პროგრამა “იყავი აქტიური საქართველოში” ფარგლებში თემატური გარბენი გაიმართება. გარბენში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები (სასტუმროები, ტურისტული კომპანიები, გიდები ) და ტურისტები მიიღებენ მონაწილეობას, სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გარბენის ყველა მონაწილე დასაჩუქრდება მაისურით და გადაეცემა სერთიფიკატი. გამორჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან. გარბენი 29 აპრილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება, შეჯიბრი 11:00 საათზე დაიწყება. რეგისტრაცია უფასოა.