ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად სახელმძღვანელო გამოსცა.
ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სასტუმრო „The Terrace“-ში გაიმართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ადმინისტრაციის თანამშრომლები, ტუროპერატორები და სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები დაესწრნენ. სახელმძღვანელო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველომ მოამზადა. ახალი სახელმძღვანელოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაში შეტანა იგეგმება. სახელმძღვანელო ყველასათვის უფასოა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე კი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია არის ხელმისაწვდომი.
( სახელმძღვანელოს გადმოწერა)
„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ წარმოადგენს პირველ გამოცემას და გამოსადეგია საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვით დაინტერესებული როგორც დამწყები, ასევე უკვე დაფუძნებული კომპანიებისთვის.
სახელმძღვანელო დაგეხმარებათ შემდეგი საკითხების გაანალიზებაში: საერთაშორისო ბაზრების გამოკვლევის შედეგად თქვენი პროდუქტის მომხმარებლების გარკვევა; საერთაშორისო მოგზაურებს შორის სხვადასხვა მოგზაურობის სტილის არსებობის შესახებ ინფორმაციის ფლობა; ტურიზმის დისტრიბუციის სისტემის და მისი განაკვეთების სტრუქტურის შესწავლა, ასევე საქართველოში არსებული რეალობის გაანალიზება; მიზნობრივი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება, საგადასახადო შეღავათებისა და საქართველოში არსებული სახელმწიფო მასტიმულირებელი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, მნიშვნელოვანი კონტაქტები და ბმულები ტურიზმის მონაცემებზე და კვლევაზე. სახელმძღვანელო მომზადდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს მიერ. მისი შექმნის პროცესში მოხდა ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ანალოგიური ნაშრომების “Planning for Inbound Success“ ადაპტირება და საქართველოს რეალობაზე მორგება. საქართველოში არსებული მდგომარეობის აღსაწერად კი ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მოხდა კონსულტაციების გავლა.