არაბთა გაერთიანებული საამიეროების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას ამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან, დუბაიდან ტურისტული გასართობი შოუს „ვონჰო მსოფლიოს გარშემო“ 5 კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია. 3 დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა მცხეთა, სტეფანწმინდა და გუდაური მოინახულეს. თბილისში სტუმრებისათვის სპეციალურად კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებს ქართული სამზარეულო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო. ტურისტულ-გასართობი შოუს „ვონჰო მსოფლიოს გარშემო“ აზიის სხვადასხვა სახელმწიფოების, მათ შორის არაბული ქვეყნების წამყვანი სატელიტური არხებით გადაიცემა. გადაცემის ყურება შესაძლებელია ავია-კომპანიების Emirates Airlines, Qatar Airways, Saudi Air და Korean Air-ის ბორტებზე. შოუს ოც მილიონამდე მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელებში (Facebook – 1,650,000 მიმდევარი, Twitter – 160,000 მიმდევარი, Instagram – 101,000 მიმდევარი). არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმდინარე წლის 10 თვეში 14737 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 762%-ით მეტია. არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 15-ულში შედის.