ტურიზმის ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტურიზმის კერძო სექტორსა და მედიას 2016 წლის ანგარიში წარუდგენა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
გიორგი ჩოგოვაძემ დეტალურად ისაუბრა 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ,,წარმატებულად ვაფასებთ განვლილ2016 წელს და ამას პირველ რიგში რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს. წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და ასევე პირველად – შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმდჯომარე.
2016 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%).
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19%).
მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა რომელიც სწორედ ტურისტების მოზიდვისკენ იყო ორიენტირებული. მათ შორის, ზაფხულისა და ზამთრის აქტიური მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600 მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც მოამზადეს სიუჟეტები, გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ბლოგები ქვეყნის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
რაც შეეხება სხვა პროექტებსა და ღონისძიებებს, 2016 წელს საქართველომ უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ჩაატარა. ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და ისიც საქართველოში. კონფერენციას 250 ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
გარდა ამისა, 2016 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ სრულად ადაპტირდა მცხეთა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის, ისტორიულ ძეგლებთან დამონტაჟდა პანდუსები, მოეწყო ინფრასტრუქტურა უსინათლოებისთვის.
გაგრძელდა პროექტები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარების უწყობს ხელს, მათ შორის კამპანია ,,გაიცანი საქართველო“.
2016 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში ოფიციალური
ფუნქციონირება დაიწყო საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, რომლის მიზანიც საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.
2016 წლის ანგარიშის წარდგენას ტურისტული, ავიაკომპანიებისა და სასტუმროების 200 მდე წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის კრებულის პრეზენტაციაც მოხდა.