საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ქ. მადრიდში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR 2017 მიიღო მონაწილეობა. 37-ე საერთაშორისო გამოფენას საშუალოდ 244972 ადამიანი მსოფლიოს 165 ქვეყნიდან დაესწრო, მათ შორის 135838 ტურიზმის სფეროს პროფესიონალი.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყვნენ ტურიზმის კერძო სექტორის შემდეგი წარმომადგენლები: Caucasus Travel, Mimino Travel, Aka Group Travel, Tourist Agency Visit Georgia, Omnes Tour, Peter Pan Travels, Concord Travel.
გამოფენას დაესწრო საქართველოს დელეგაცია, ქვეყნის პრემიერ მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შემადგენლობით. პრემიერ მინისტრმა გამოფენის გახსნის დღეს, 18 იანვარს, საქართველოს სტენდზე ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ სოფიას უმასპინძლა. იქვე იმყოფებოდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი თალებ რაფაი.
ესპანეთის მეფის ვიზიტის დროს საქართველოს სტენდზე მღეროდა ქართული, ნაციონალური სიმღერის ანსამბლი – „შვიდკაცა“, მიმდინარეობდა საქართველოს საპრომოციო ვიდე-რგოლების ჩვენება და წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო. საქართველოს სტენდზე ესპანეთის მეფის და დედოფლის ვიზიტი ფართოდ გაშუქდა როგორც ესპანური, ასევე ქართული პრესის საშუალებებით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გახდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის „მდგრადი ტურიზმის წლის“ ბრილიანტის სპონსორი, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველო აქტიურად იქნება წარმოჩენილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 2017 წელს დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე. გარდა ამისა „მდგრადი ტურიზმის წლის“ გახსნის ოფიციალურ მიღებაზე სტუმრების გამასპინძლება მოხდა ქართული ღვინით.
გამოფენის მიმდინარეობისას შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: Sojern, Financial Times, Thomas Cook Group, Mas Mag, Axon, Eurosport, Amadeus და ა.შ.
საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ პარტნიორებთან.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR 2017 ადმინისტრაციის მონაწილეობა ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.