„International Congress and Convention Association (ICCA)“-ის 56-ე კონგრესი პრაღაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჩეხეთში, პრაღაში გამართულ „International Congress and Convention Association (ICCA)“-ის 56-ე კონგრესში მიიღეს მონაწილეობა. კონგრესს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონგრესი საქმიანი ტურიზმის მიმართულებით (MICE) ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა და წლევანდელ შეკრებას 81 ქვეყნის 1,300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
კონგრესის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან.
საქმიანი ტურიზმის სფერო ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და მნიშვნელოვანი სექტორია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ICCA შეხვედრების ინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და საქართველო ყოველწლიურ კონგრესზე მესამედ არის წარმოდგენილი.
საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულების განვითარებისათვის, 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფარგლებში ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურის, კონფერენციის, გამოფენისა და მსგავსი სახის საერთაშორისო ღონისძიების მოზიდვის ხელშეწყობა. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
საკონვენციო და საგამოფენო ბიურო კერძო სექტორის 45 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საქართველოს ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებსა და ღონისძიების გასამართ ადგილებს წარმოადგენენ.