ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი Welcome To Georgia! National Tourism Award გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ფორუმში
მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და Welcome To Georgia! National Tourism Award დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.

Welcome To Georgia! National Tourism Award არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც ტარდება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან. დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც პროფესიონალი ჟიური და ონლაინ მომხმარებელი 21 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს.
პროექტის ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს 2016 წლისთვის განაცხადების მიღების და დაჯილდოვების კატეგორიების გაუმჯობესებული პირობები. Welcome To Georgia! National Tourism Award -ის ფორუმს უკრაინიდან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.