საქართველო New York Times Travel Show-ზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ნიუ-იორკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე New York Times Travel Show საქართველო ბრინჯაოს სპონსორის სტატუსით იყო წარდგენილი, საქართველოს სტენდი სპონსორების მთავარ დარბაზში, გამოფენის ცენტრალურ ნაწილში განთავსდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენას ქართული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან დამთვალიერებლებისთვის საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ The New York Times Magazine-ში რეკლამა განთავსდება.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით გამოფენის ფარგლებში ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრები გაიმართა. სტატისტიკური მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში 2018 წელს 41863 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2017 წელთან შედარებით 24.7%-ით მეტია.
New York Times Travel Show-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 600-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 1300-ზე მეტი ჟურნალისტი და 10 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი დაესწრო.